მიხეილ სააკაშვილის ძმა გაათავისუფლეს
მსოფლიო
დავით სააკაშვილი
ფოტო: facebook
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს. მან უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის განყოფილება დატოვა. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას Interfax-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაავით სააკაშვილმა ადვოკატთან ერთად საჩივრის წერილი დაწერა, რომელშიც წერს, რომ ის უკანონოდ დააკავეს. ქსელში გავრცელდა ასევე ვიდეო, რომელშიც დავით სააკაშვილი მისი დაკავების დეტალებზე ყვება.
დავით სააკაშვილი პროფესიით იურისტია, ის წლების წინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც ხელმძღვანელობდა.
დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა facebook-ის პირად გვერდზე ძმის, დავით სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ.





