უკრაინის ხელისუფლება და მედიის ცნობით, გათავისუფლებული ბუჩის ქუჩებში ათობით მოკლული მშვიდობიანი პირის ცხედრები აღმოაჩინეს
მსოფლიო

ფოტო: Ronald Schemidt / AFP
ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს.
კერძოდ, ფაქტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს Reuters-მა და UNIAN-მა. ფოტოებზე ჩანს, რომ ადამიანებს სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ, ზოგს კი ხელები აქვთ შეკრული. მსგავსი ფოტო Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმაც გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის ადამიანები რუსმა სამხედროებმა მოკლეს.
AFP-ს კორესპონდენტები იტყობინებიან, რომ ქალაქის მხოლოდ ერთ ქუჩაზე სულ მცირე 20 ცხედარი ნახეს. ბუჩის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს განუცხადა, რომ დანგრეული ქალაქი ცხედრებით არის „მოფენილი“. მისი თქმით, ადამიანებს კეფაში გასროლით კლავდნენ. მან ასევე დასძინა, რომ ქალაქის დაბრუნების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 280 ადამიანი ძმათა საფლავში დამარხეს.





