თეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში ჯარების გაგზავნის განზრახვა, ინტერესი ან სურვილი არ აქვს
მსოფლიო

ჯენ ფსაკი
ფოტო: REUTERS
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინაში ამერიკელი სამხედროების ცალმხრივად გაგზავნას არ აპირებს, ხოლო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერება ნატოს ეგიდის ქვეშ უნდა მოხდეს.
„ნატოს მეშვეობით ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. ზუსტად ამისთვის არსებობს ნატო. ჩვენ ალიანსის ხელშეუხებლობის ერთგულნი ვართ. უბრალოდ სიცხადისთვის ვიტყვი: პრეზიდენტს უკრაინაში ჯარების გაგზავნის განზრახვა, ინტერესი ან სურვილი არ აქვს“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
TWITTER POST
24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.





