აშშ-მა 8 500-მდე ჯარისკაცი მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ
მსოფლიო

ფოტო: GettyImages
პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ევროპაში ძალების განლაგების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისი თქმით, აშშ მზად უნდა იყოს რეაგირებისთვის, თუ ნატო რეაგირების ძალების განთავსებას გადაწყვეტს.
TWITTER POST
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.





