ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.
„რუსეთის ტაქტიკა ცნობილია. დარწმუნებული ვარ, მათი ერთ-ერთი მიზანი დასავლეთის ერთიანობაში განხეთქილების შეტანაა. ეს არის გამარჯვება, რომელიც რუსებს არ უნდა მივცეთ“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყოვლისმომცველი, აქამდე არნახული სანქციებით, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. რუსეთმა უნდა იცოდეს, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ევროპაში საზღვრების შესაცვლელად პროვოკაციებისა და სამხედრო ძალის გამოყენების ფასი ძალიან მაღალი იქნება. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები, უფრო მკაცრი, ვიდრე 2014 წელს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა.
19 იანვარს, გაზეთ Financial Times-მა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება.
10 იანვარს, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს შეშფოთება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებთ აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების რისკს ზრდის იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზული უნდა იყოს ასეთი სანქციები.





