ჩრდილოეთ კორეა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ავიაიერიშს გეგმავს
მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული ძალები კუნძულ გუამზე თავდასხმას განიხილვენ. იქ ამერიკული სამხედრო ბაზაა განლაგებული. მათი თქმით ეს "სულ მალე, აგვისტოს შუა რიცხვებში მოხდება". ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული ძალების სპიკერის თქმით, საბოლოოდ დამუშავებულ გეგმას მალევე მიაწვდიან ქვეყნის ლიდერს კიმ ჩენ ინს, ხოლო შემდეგ მას უკვე პრაქტიკაში განახორციელებენ.
კუნძულ გუამზე აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენებია განლაგებული. ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული ძალების სპიკერის თქმით, „ეს ფაქტი მოქმედებს მათ ნერვებზე, ხოლო აშშ-ს მიაჩნია, რომ მათი ტერიტორია ღვთიური სამყოფელივით ხელშეუხებელია“.
ივლისის ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გამოცდის შესახებ განაცხადა. რაკეტის გაშვების მანძილმა 998 კილომეტრი შეადგინა, ხოლო ფრენის მაქსიმალურ სიმაღლედ 3 724 კილომეტრი განისაზღვრა.





