პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციასა და სამხედრო ხასიათის პროვოკაციებს არ გამორიცხავს
მსოფლიო

პიოტრ მიულერი
ფოტო: ფოტო: Sławomir Kamiński / Agencja Gazeta
პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციასა და სამხედრო ხასიათის პროვოკაციებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა.
„საქმე გვაქვს ბელარუსი ძალოვნებისა და მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან პროვოკაციასთან. ვვარაუდობთ, რომ უახლოეს დროში პოლონეთის საზღვარზე სამხედრო ხასიათის ესკალაცია შეიძლება განვითარდეს. ბელარუსის მხრიდან ამგვარი ქმედებები, ამგვარი პროვოკაციები შესაძლებელია. იარაღის გამოყენება ყველაზე ნაკლებად გვსურს“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
პიოტრ მიულერის თქმით, ამჟამად პოლონეთის საზღვართან 3-4 ათასი მიგრანტია კონცენტრირებული.
ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ.
დღეს, სპეცსამსახურების კოორდინატორი მინისტრის პრესმდივანმა, სტანისლავ ჟარინმა განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელარუსის მხრიდან არალეგალი მიგრანტების მიერ პოლონეთის საზღვრის შტურმის მომზადება დააფიქსირა.
ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.
29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.





