The Wall Street Journal: აშშ ჩინეთისა და ათობით სხვა ქვეყნისთვის ტარიფების გაზრდას გეგმავს
მსოფლიო

GettyImages
აშშ ჩინეთისა და ათობით სხვა ქვეყნისთვის ტარიფების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სახელმწიფოები საკუთარი შიდა სამრეწველო წარმოების სუბსიდირებით ამერიკულ კომპანიებს აზარალებენ.
წყაროების ცნობით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი, ჯეიმისონ გრირი უკვე მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს ჩინეთის, ევროკავშირისა და კიდევ 14 ქვეყნის სამრეწველო სუბსიდიების შესახებ რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგებს, თუმცა ვადები შესაძლოა შეიცვალოს.
გრირის განცხადებით, სახელმწიფო სუბსიდიებმა ამ ეკონომიკებში ჭარბი სამრეწველო სიმძლავრეები შექმნა, რაც უცხოურ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გლობალური ბაზრები იაფი საქონლით წალეკონ და ამერიკელი მწარმოებლები დააზარალონ. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო თეთრმა სახლმა შეკითხვებს არ უპასუხა.
გამოძიების შედეგების მიმდინარე კვირაში გასაჯაროებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ყურადღების გადატანას იმ სკანდალიდან, რომელიც კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგს უკავშირდება. ამ სკანდალის ფონზე ორივე პარტიის კანონმდებლებმა პეკინის მიმართ ადმინისტრაციის პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.
მოსალოდნელია, რომ ახალი ტარიფები შეეხება ათობით ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს. გადასახადები გავრცელდება ამ ქვეყნებიდან ექსპორტირებული პროდუქციის უმეტესობაზე, თუმცა, სავარაუდოდ, არ შეეხება ისეთ სამრეწველო საქონელს, როგორიცაა ფოლადი, ალუმინი და ავტომობილები, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ცალკე იბეგრება.
საბოლოო სატარიფო განაკვეთები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეგმავენ ისეთივე ტარიფების დაწესებას, როგორიც ტრამპმა 2025 წელს შემოიღო მანამ, სანამ უზენაესი სასამართლო 2026 წლის თებერვალში მათ პირველ პაკეტს გააუქმებდა.
გარდა ამისა, ადმინისტრაციამ შესაძლოა დოკუმენტში ჩადოს მექანიზმი, რომელიც ვაშინგტონს ტარიფების კიდევ უფრო გაზრდის საშუალებას მისცემს, თუ ქვეყნებში ჭარბი სამრეწველო წარმოება გაუარესდება ან ისინი მომავალ მოლაპარაკებებზე პოლიტიკას არ შეცვლიან.





