უკრაინის მთავრობა: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზები პერსონალურ მონაცემებს შეიცავს
მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებს განმარტავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, პოროშენკოს ამ გადაწყვეტილების მიზეზი მოქალაქეობის საკითხების შესახებ კომისიის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაციაა. კერძოდ, სააკაშვილმა მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას მასში არასწორი ინფორმაცია ჩაწერა. თუმცა ისევ არ აკონკრეტებს, თუ რა არის ეს "არასწორი ინფორმაცია". პოროშენკოს ადმინისტრაციის განმარტებით, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული განკარგულება არ ექვემდებარება გასაჯაროებას, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.
26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე პოროშენკოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის იბრძოლებს და დაბრუნდება კიდეც.
დღეს, კიევში, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე, მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" აქციას გამართავს.





