ტიხანოვსკაია: ბელარუსში მშვიდობიანი რევოლუციაა, ის არც პრორუსულია და არც ანტირუსული
მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია
ფოტო: YouTube
ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროპარლამენტის სხდომაზე დისტანციურად გამოვიდა სიტყვით და ევროდეპუტატებს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული მედია ავრცელებს.
„ბელარუსში მშვიდობიანი რევოლუცია მიმდინარეობს. თავისი შინაარსით ის არაა გეოპოლიტიკური. ეს არც პრორუსული რევოლუციაა და არც ანტირუსული, არც პროევროპული და არც ანტიევროპული. ეს დემოკრატიული რევოლუციაა. ეს არის ხალხის ბრძოლა იმისთვის, რომ ლიდერების თავისუფალი არჩევისა და საკუთარი ბედის გადაწყვეტის უფლება ჰქონდეთ“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.
17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.




