იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან ლიბიის პორტ ბენღაზიზე თავდასხმის გამო შეშფოთება გამოთქვა
მსოფლიო

Reuters
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ თავის უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა ლიბიის პორტ ბენღაზიზე უკრაინის თავდასხმის გამო, სადაც რუსული გემები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
უწყების ცნობით, ტაიანიმ სიბიგასთან საუბრისას გამოთქვა შეშფოთება აღმოსავლეთ ლიბიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობა უკრაინის მთავრობამ აიღო.
იტალიელმა მინისტრმა უკრაინელ კოლეგას განუმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იტალიისთვის, რომ რუსეთთან კონფლიქტი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში არ გავრცელდეს.
რომში ხაზი გაუსვეს ლიბიის სუვერენიტეტის პატივისცემისა და ქვეყნის სტაბილურობის, ერთიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას, რითაც გაეროს ქმედებებისადმი სრული მხარდაჭერა დაადასტურეს.
ამავდროულად, ტაიანიმ სიბიგას დაუდასტურა, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე იტალია კვლავაც გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას.




