ემანუელ მაკრონი ლიბანელებს: აქ ვარ და ჩემი ვალდებულებაა დაგეხმაროთ
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: AFP/Getty Images
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს ვიზიტით ეწვია. ლიბანის პრეზიდენტთან, მიშელ აუნთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ რეფორმები თუ არ განხორციელდება, ლიბანი კვლავ დაზარალდება.
„მე აქ ვარ და ჩემი ვალდებულებაა დაგეხმაროთ მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოფაში. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს დახმარება კორუმპირებულ ხელებში არ აღმოჩნდება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ლიბანი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას და მასზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 000 ადამიანი. ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.





