ეკვადორის საელჩოში ყოფნისას ჯულიან ასანჟი ორი შვილის მამა გახდა
მსოფლიო

ჯულიან ასანჟი
ფოტო: Facebook
WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოში ყოფნისას ორი შვილის მამა გახდა. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ს ასანჟის შვილების დედამ, სტელა მორისმა განუცხადა.
გამოცემის ცნობით, მორისი და ასანჟი 2017 წელს დაინიშნენ და მათ ორი ვაჟი ჰყავთ - 2 წლის გაბრიელი და 1 წლის მაქსი. ეკვადორის საელჩოს თავს ასანჟი 2012-2019 წლებში აფარებდა.
ამჟამად WikiLeaks-ის დამფუძნებელი ლონდონში, ბელმარშის ციხეში იმყოფება, სადაც გირაოს პირობების დარღვევის გამო იხდის სასჯელს.
ასანჟი ციხეში აშშ-ში ექსტრადაციის მოლოდინშია, მას ბრალი ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ Wikileaks-ის 2010 წლის გამოცემებთან დაკავშირებით წაუყენეს.
ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა. Wikileaks-ის დამფუძნებელს 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებასა და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





