აშშ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას წყვეტს
მსოფლიო

ფოტო: Twitter
ამერიკა ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას აჩერებს. ამის შესახებ ბაღდადში აშშ-ის საელჩომ ოფიციალურად განაცხადა.
Reuters-ის ცნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომსახურება შემდეგ შეტყობინებამდეა შეჩერებული და ამერიკის მოქალაქეებს ურჩევენ, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ.
პარალელურად BBC-ის ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეებმა, რომლებიც საელჩოს გარეთ იყვნენ შეკრებილნი, ტერიტორიიდან გაიყვანეს.
31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.
მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.
„ქატაიბ ჰეზბოლა“ შიიტი მუსლიმების საბრძოლო დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ის 2007 წელს დაარსდა.





