ყოფილმა კონგრესმენმა ბეტო ო'რურკმა უსახსრობის გამო საპრეზიდენტო კამპანია დაასრულა
მსოფლიო

ბეტო ო'რურკი
ფოტო: Twitter
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა წევრმა, დემოკრატმა ბეტო ო'რურკმა საპრეზიდენტო კამპანია უსახსრობის გამო დაასრულა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
ო'რურკმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის კამპანიაში მონაწილეობდა, და განაცხადა, რომ ქვეყნის სამსახურში სხვა სტატუსით დარჩება.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხოს. პირადად ვიცნობ ყველა კანდიდატს და შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული მათგანი კარგი პრეზიდენტი იქნებოდა“, - განაცხადა ო'რურკმა.
მის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„ო, არა! ბეტო ო'რურკი საპრეზიდენტი რბოლას გამოეთიშა, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, ამისთვის იყო დაბადებული. მე ასე არ ვფიქრობ“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.
ყოფილმა კონგრესმენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მიმდინარე წლის მარტში გამოთქვა. გამოცემა Politico-ს ცნობით, კამპანიის დაწყებიდან პირველ 24 საათში მან 6,1 მილიონი დოლარი მოაგროვა, თუმცა შემდეგ მხარდაჭერის ეს ტემპი შენელდა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ო'რურკი ხმათა 3%-ს აგროვებდა.





