აშშ: თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტს
მსოფლიო

მაიკ პენსი
ფოტო: Twitter
თურქეთი თანახმაა, ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლი დროებით შეწყვიტოს და ქურთების ძალებს უკან დახევის საშუალება მისცეს, იუწყება BBC აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებაზე დაყრდნობით.
სამხედრო ოპერაცია 120 საათით შეჩერდება და აშშ ხელს შეუწყობს ქურთების ძალების გაყვანას თურქეთის მიერ გამოცხადებული ე.წ. უსაფრთხოების ზონიდან.
გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდება.
This is a great day for civilization. I am proud of the United States for sticking by me in following a necessary, but somewhat unconventional, path. People have been trying to make this “Deal” for many years. Millions of lives will be saved. Congratulations to ALL!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 17, 2019
პენსის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტისა და თურქეთის ლიდერის ერდოღანის შეხვედრა. უფრო ადრე კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციამდე დონალდ ტრამპისგან მიღებული გამაფრთხილებელი წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა.
9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ტრამპი ერდოღანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სირიაში სამხედრო ოპერაციისგან. "ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს“, - მიმართავს ტრამპი ერდოღანს.
თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ მცირე 160 000 ადამიანს მოუწია. თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.





