ბრიტანეთმა თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა შეაჩერა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
დიდმა ბრიტანეთმა სირიაში ანკარის სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლონდონი ძალიან დიდი სიფრთხილით და ყურადღებით მოეკიდება თურქეთში ექსპორტირების საკითხს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, თურქეთმა მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინოს და სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს. „მოკავშირისგან ასეთ ქმედებებს არ ველოდით“, - თქვა მან.
თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება სულ ცოტა 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ და საფრანგეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.





