თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო
მსოფლიო

ფოტო: Twitter
თურქეთის ჯარმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს თურქულ ძალებსა და აშშ-ის მოკავშირე ქურთულ დაჯგუფებებს შორის პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს. ანკარაში კი აცხადებენ, რომ მათი მიზანი ქურთი მებრძოლებისგან თავისუფალი უსაფრთხო ზონის შექმნაა, სადაც ანკარა თურქეთში მცხოვრები 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილის დასახლებას აპირებს.
საბრძოლო მოქმედებების დაწყება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Twitter-ის გვერდზე დაადასტურა. როგორც მის განცხადებაში წერია, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ თურქეთი სირიის ეროვნულ ჯართან ერთად ახორციელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ 5 ოქტომბერს განაცხადა. შემდეგ კი საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარი გაიყვანა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში „ეკონომიკის განადგურებით“ დაემუქრა.





