თურქეთმა სირიის საზღვართან დამატებითი ძალები გაგზავნა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
თურქეთმა სირიის საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. ამის შესახებ თურქულ მედიაზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, უახლოეს დღეებში სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყოს.
ანკარა ცდილობს სირიის ჩრდილოეთ რაიონებში, თავისი საზღვრის გასწვრივ, რომელიც ქურთი მებრძოლებისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფების წევრებისგან გაათავისუფლეს, ე.წ. უსაფრთხოების ზონა შექმნას. ამ ადგილას კი 2 მილიონამდე სირიელი ლტოლვილის განსახლება იგეგმება, რომლებიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობენ.
ამ ზონის შექმნის შესახებ აშშ-სა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები აგვისტოდან იმართება. მხარეებმა ერთობლივი ოპერაციისთვის საკოორდინაციო ცენტრის მუშაობის დაწყებაზე განაცხადეს.
ერდოღანმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ამ ზონის ჩამოყალიბების გაჭიანურების შემთხვევაში, თურქეთი ოპერაციას დამოუკიდებლად დაიწყებდა.
თუ თურქეთი შეტევას განახორციელებს, ბოლო წლების განმავლობაში ეს ანკარის მესამე სამხედრო ოპერაცია იქნება სირიაში. დამასკოში ამ გეგმას საერთაშორისო ნორმების დარღვევას უწოდებენ.





