ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ფრანკოს გადასვენების ნებართვა გასცა
მსოფლიო

ფრანსისკო ფრანკო
ფოტო: YouTube
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს ნეშტის მავზოლეუმიდან მადრიდის ელ-პადროს სასაფლაოზე გადატანის ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
გადასვენების პროცედურა 10 ივნისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ოჯახი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა და სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანა. სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
მავზოლეუმი, რომელიც 1940 წელს აშენდა, 1936-39 წლებში სამოქალაქო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება. ომში მილიონზე მეტი ესპანელი დაიღუპა. ესპანეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს დიქტატორის სადიდებელი ადგილი არ უნდა იყოს.
ფრანსისკო ფრანკომ 1936 წელს სამხედრო გადატრიალება მოაწყო და დაიწყო სამოქალაქო ომი რესპუბლიკური მთავრობის წინააღმდეგ გერმანიის ნაცისტური და იტალიის ფაშისტური მთავრობების მხარდაჭერით. ომში გამარჯვების შემდეგ მან ქვეყანაში მემარჯვენე ტოტალიტარული რეჟიმი ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომში ესპანეთს ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ფრანკოს რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ფრანკოს გარდაცვალებამდე, 1975 წლამდე დევნიდნენ.





