კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება კიდევ ერთმა ქვეყანამ გააუქმა
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
ტოგომ თვითგამოცხადებული კოსოვოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება უკან გაიწვია. ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.
აფრიკული ქვეყანა მე-15 სახელმწიფოა, რომელმაც კოსოვოს აღიარება გააუქმა. დაჩიჩის თქმით, შესაბამისი ნოტა ტოგომ ჯერ კიდევ 28 ივნისს გააგზავნა.
კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება მანამდე კომორის კუნძულების კავშირმა, დომინიკამ, სურინამმა, ლიბერიამ, სან-ტომე და პრინსიპიმ, გვინეა-ბისაუმ, ბურუნდიმ, პაპუა-ახალმა გვინეამ, ლესოთომ, გრენადამ, მადაგასკარმა, სოლომონის კუნძულებმა, პალაუმ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ გააუქმეს.
კოსოვომ 2008 წელს ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. კოსოვოს სუვერენიტეტს არ აღიარებს სერბეთი, თუმცა როგორც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, ეს საკითხი თეორიულად შესაძლებელია რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.
2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ზეგავლენასა და მიგრანტების ნაკადთან გამკლავების მიზნით, ევროკავშირი საზღვრების გაფართოებას გეგმავს. ევროკავშირი ალბანეთს, სერბეთს, მონტენეგროს, კოსოვოს, მაკედონიასა და ბოსნიასა და ჰერცეგოვინას გაწევრიანების წინადადებას გაუგზავნის 2025 წლისთვის. ამაზე კოსოვომ განაცხადა, რომ მზადაა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარებულ ვადებში გაიაროს.
თუმცა, მალევე ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას გაუსვა ხაზი, და დასძინა, რომ ინტეგრაცია იქამდე ვერ მოხერხდება, ვიდრე ყველა სასაზღვრო დავა არ მოგვარდება.





