დაკავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ბერლინში ხალხით სავსე საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა
მსოფლიო

ბერლინი
Reuters
ZDF-ის ცნობით, დაკავებულია იმ სატვირტო მანქანის მძღოოლი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე ხალხის მასაში შეიჭრა. ავარიისთანავე ის გადმოხტა მანქანიდან და მიმალვა სცადა. მეორე პირი, რომელიც მასთან ერთად მანქანაში იჯდა, წინასწარი მონაცემებით, ტრავმების გამო გარდაიცვალა.
ქალაქის პოლიციის ცნობით ინციდენტის შედეგად 9 ადამიანია დაღუპული და ბევრი დაშავებულია. დაშავებულთა რაოდენობას პოლიცია არ აკონკრეტებს, თუმცა მანამდე გავრცელებული ინფორმაციით მათი რიცხვი დაახლოებით 50-ა.
ზოგიერთი გერმანული გამოცემა წერდა, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი შეიძლება პოლონელი იყოს, რადგან თავად მანქანა პოლონურ კომპანიას ეკუთვნის. ფოტოებზე პოლონური სარეგისტრაციო ნიშნები მოჩანს. ტაბლოიდი BZ იტყობინება, რომ პოლონური კომპანიის განცხადებით, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე თავისი სატვირთო მანქანის მძღოლთან კავშირი დაკარგა. კომპანიას ეჭვი ჰქონდა, რომ მძღოლს თავს დაესხნენ.
ხელისუფლებამ ბერლინის მცხოვრებლებს სთხოვა არ დატოვონ სახლები და არ გაავრცელონ ჭორები მომხდარის შესახებ. ოფიციალურად თავდასხმის მიზეზებზე არაფერი თქმულა, თუმცა პოლიციელები ტერაქტს არ გამორიცხავენ. ბერლინის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მეტროს უახლოესი სადგურები დაკეტილია.





