გორდონ რამზი Top Gear-ის ახალი წამყვანი გახდება
კულტურა

ფოტო: Facebook
პოპულარული ბრიტანული საავტომობილო შოუ Top Gear ტელეეკრანებზე დასაბრუნებლად ემზადება. გადაცემის ახალი წამყვანი ცნობილი შეფ-მზარეული და ტელეწამყვანი გორდონ რამზი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ეპიზოდების გადაღებების დაწყება 2027 წელს იგეგმება, განახლებული პროექტის პრემიერა კი 2028 წელს არის მოსალოდნელი.
Top Gear მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად საავტომობილო შოუდ რჩებოდა. პროგრამა აერთიანებდა მანქანების მიმოხილვებს, ავტომობილების გამოცდასა და წამყვანებისთვის განკუთვნილ გასართობ დავალებებს. პროექტმა განსაკუთრებული პოპულარობა ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯეიმს მეის წყალობით მოიპოვა, რომლებიც წლების განმავლობაში გადაცემის ძირითად გუნდს შეადგენდნენ. ერთ-ერთი ეპიზოდი მათი მონაწილეობით საქართველოშიც არის გადაღებული.
2023 წელს BBC-მ გადაღებების დროს წამყვან ენდრიუ ფლინტოფის მონაწილეობით მომხდარი სერიოზული ავარიის შემდეგ Top Gear-ის წარმოების განუსაზღვრელი ვადით შეწყვეტის შესახებ განაცხადა. პროგრამის დაბრუნება შოუს ისტორიაში ახალი ეტაპი გახდება. განახლებული ფორმატის დეტალები, წამყვანების სრული შემადგენლობა და პირველი გამოშვების ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ ზუსტდება.





