მაია ბითაძე: დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის არსებულ გამოწვევებს ეტაპობრივად გადავჭრით, გავაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას და მომსახურებას
კულტურა

კულტურის სამინისტრო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში იმყოფებოდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრს მუზეუმისა და ცენტრის ინფრასტრუქტურა, არსებული საჭიროებები, ასევე, განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი კალანდიამ გააცნო.
დადიანების სასახლეთა მუზეუმში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისტორიული შენობების საფონდო საცავების მოწესრიგების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს.
ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში მინისტრი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების მიმართულებით საქმიანობას, ასევე ინფრასტრუქტურულ გამოწვევებთან დაკავშირებულ, მათ შორის, სადრენაჟე და სახანძრო სისტემების გამართვის საკითხებს გაეცნო.
„დადიანების სასახლეებსა და საპრეზიდენტო ცენტრში არაერთი სამუშაო უკვე განხორციელდა - განახლდა საცავები, მოწესრიგდა გარკვეული ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდა სამუშაო და ვიზიტორთა სივრცეები, თუმცა, საჭიროებები და გამოწვევები კვლავ არსებობს. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული საგანძური და სავიზიტო ბარათია. მისი, როგორც ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტული ცენტრის განვითარების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მუზეუმში არსებულ გამოწვევებს ეტაპობრივად გადავჭრით, გავაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას და მომსახურებას. მუზეუმი შესაბამისი სტანდარტებით, ღირსეულად იქნება წარმოდგენილი წამყვან ტურისტულ მიმართულებებს შორის“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ.
მინისტრის განცხადებით, არც ერთი გამოწვევა - მცირე თუ მასშტაბური - ყურადღების მიღმა არ დარჩება. ადგილზე შესწავლილი საჭიროებების საფუძველზე განისაზღვრება პრიორიტეტები და პრობლემების გადაჭრის ეტაპობრივი გეგმა - ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხებს.
კულტურის მინისტრთან ერთად დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საქართველოს პარლამენტის წევრები გენრიეტა წიწავა და გიორგი გუგუჩია, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.





