ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-13 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
კულტურა

ფესტივალი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს ეძღვნება და მასში 24 ქვეყანა მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში 85 ანიმაციური ფილმი იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის გახსნას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ კიკნაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიასთან, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორ მამუკა ბლიაძესთან, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იშიძუკა ჰიდეკისთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში კულტურული ღონისძიებების როლი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. წლევანდელი ფესტივალი, რომელშიც 24 ქვეყანა მონაწილეობს, გამორჩეულია, რადგან ის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება. წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი არის ინიციატივა, რომელიც იმსახურებს ხელშეწყობას განვითარებისთვის; შესაბამისად, კულტურის სამინისტრო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერია“, - განაცხადა კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ კიკნაძემ.
ანიმაციური ფილმების ფესტივალი - „ნიქოზი“ 2011 წელს, სოფელ ნიქოზში, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანი მსოფლიო ანიმაციის საინტერესო ნამუშევრების გაცნობა, სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანთა შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება და კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებაა.
საფესტივალო პროგრამა, ანიმაციური ფილმების ჩვენებების პარალელურად, მოიცავს საბავშვო აქტივობებს, გამოფენებს, სემინარებს, მასტერკლასებს, ხელოვანებთან შეხვედრებს, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ღონისძიებებს.
წელს ფესტივალის დამსწრეებს შორის არიან სტუმრები გერმანიიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ლიეტუვიდან. სტუმრებს შორის არიან ბაბელსბერგის კინოუნივერსიტეტის პროფესორები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის კინოს უმაღლესი სასწავლებლებისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს საპატრიარქო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, გორის მუნიციპალიტეტის მერია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია. ფესტივალის ორგანიზატორია ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა.





