თეონა გიორგელაშვილი
გიორგაძე წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს
კულტურა

მიხეილ გიორგაძე
საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის ბაზრობისა და წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვას უპასუხა, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილება ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზეა დამოკიდებული.
"ძალიან ვწუხვარ რომ, არ ვიცი ინფორმაციის ნაკლებობით, თუ ჩვენი წყურვილის და სიყვარულის გამო აჟიოტაჟური თემების მიმართ, ტყუილად აგორებული სკანდალური თემაა. წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა შემოიტანა განცხადება ჩემ სახელზე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სადაც გარკვეული პირობები არის ჩამოთვლილი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ის მზად არის გააგრძელოს მუშაობა, ეს პირობები არ არის სწორი არც შინაარსობრივად და არც არანაირად, თუ ხელმძღვანელი არ შეიცვლის პოზიციას, მე მომიწევს ამ განცხადების დაკმაყოფილება. საუბარია რაზე, რომ წიგნის ცენტრს მოსცილდეს ყველა ფუნქცია და ყველა ვალდებულება, რაც მას გააჩნია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებასთან დაკავშირებით. რომ მას დარჩეს მხოლოდ თარგმანები და ლიტერატურული პროგრამა, რაც არის აბსოლუტურად შეუძლებელი. მით უმეტეს ახლა, როდესაც სხვადასხვა შინაარსობრივ და საკონტრაქტო ურთიერთობებში არის შესული წიგნის ცენტრი და მე ამის შესახებ პირდაპირ ვთქვი,"- განაცხადა გიორგაძემ.
მანამდე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ წერილი გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ კულტურის სამინისტრო პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში "მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს". განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა თანამდებობის დატოვების განცხადებით კულტურის მინისტრს მიმართა, რაც საბჭოს წევრების აზრით, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ცენტრის საქმიანობას.





