ბეთლემის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
კულტურა

ბეთლემის ქუჩა N10
თბილისში, კალაუბანში, ბეთლემის ქუჩა N10-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი თბილისის განვითარების ფონდის მიერ, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ბეთლემის N10-ში მდებარე შენობაში მცხოვრები 13 ოჯახი საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებს. დავით ნარმანიას განცხადებით, სახლს ყველანაირი კომუნიკაცია აქვს მიყვანილი, რაც შეეხება შიდა რემონტს, ეს თვითონ მოსახლეობამ უნდა გააკეთოს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ხანძრისგან დაზიანებული ორსართულიანი სახლის დემონტაჟი 2014 წლის ზაფხულში განხორციელდა. შემდგომ ეტაპზე, შენობის ისტორიული სახის აღსადგენად, მომზადდა პროექტი, რომლის შესაბამისად 2015 წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაზიანებული შენობა, კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ახლიდან აშენდა; შენობის ფასადის მშენებლობისას ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პრინციპების დაცვით, გამოიყენეს ავთენტური მასალები; მობინადრეთა სანიტარულ-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, შეიცვალა შენობის ინტერიერის ძველი გეგმარება, მოეწყო სამზარეულო და სანიტარული დანიშნულების ინდივიდუალური ფართები; აღდგა და ქვით მოპირკეთდა თუმანიანსა და ბეთლემის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გზა; რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, როგორც შენობის და ეზოს ფარგლებში მოქცეულ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებს, ისე მაგისტრალურ ქსელებამდე მიმყვან ტრასებს; კეთილმოეწყო და გაიხსნა დროებით ჩაკეტილი საავტომობილო გზის მონაკვეთი; საცხოვრებელი სახლის ეზო ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული ღობით შემოიზღუდა და იზოლირდა ქუჩისგან; გამწვანდა ეზოს ტერიტორია და მოეწყო სკვერი.
მერიის ცნობით, საერთო ჯამში, კალაუბანში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, თუმანიანისა და ბეთლემის ქუჩებზე, 4 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.





