ბორჯომი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს
კულტურა

21-25 ოქტომბერს, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდება.
ფესტივალი 21 ოქტომბერს 20:00 საათზე, საზეიმო კონცერტით გაიხსნება. მსმენელთა წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგებიან:
თამარ ლიჩელი პიანისტი;
დავით ალადაშვილი -პიანისტი;
ლორენცო დი ბელა -პიანისტი (იტალია);
ჯანი ბურიეში -მევიოლინე (იტალია);
დმიტრო ჩონი -პიანისტი (უკრაინა/ავსტრია).
22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ცნობილი ქართველი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება.
23 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ფარგლებში, ქართველი პიანისტის, გიგი პიანომენის კონცერტი შედგება.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პიანისტთა საერთაშორისო კონკურსიც. 21-25 ოქტომბერს ახალგაზრდა მუსიკოსების მოსმენები სოლო ფორტეპიანოს მიმართულებით, ოთხ კატეგორიაში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ 6-დან 25 წლამდე ასაკის პიანისტები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იაპონიიდან და სომხეთიდან.
კონკურსის ჟიურის წევრები არიან საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი პიანისტები -დმიტრო ჩონი (უკრაინა/ავსტრია), ლორენცო დი ბელა (იტალია) და კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ლიჩელი (საქართველო).
ფესტივალი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საზეიმო დახურვის ღონისძიებით დასრულდება. ამავე დღეს გაიმართება კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. გამარჯვებულებს საპატიო დიპლომები და ფულადი პრემიები გადაეცემათ.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი 2015 წელს, ცნობილი ქართველი პიანისტის, თამარ ლიჩელის ინიციატივით დაარსდა. კონკურსი გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის (1927–2013) სახელს ატარებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და მათი საშემსრულებლო ოსტატობის განვითარებას.
2015-2016 წლებში კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, 2017 წლიდან კი საერთაშორისო სტატუსი მიიღო ალინკა არგერიხის საერთაშორისო კონკურსების ფონდს შეუერთდა.





