ქეთევან ქარდავა
რეჟისორი დიტო ცინცაძე თებერვლიდან ახალი ფილმის გადაღების დაწყებას გეგმავს
კულტურა

დიტო ცინცაძე
ფოტო: Imedi
რეჟისორი დიტო ცინცაძე თებერვლიდან ახალი ფილმის გადაღების დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ რეჟისორმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველთვის სურდა, გადაეღო ისეთი ფილმი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში ხდება.
„ყველაფერი მოხდება ჩაკეტილ სამყაროში. მოქმედება განვითარდება ვილაში, სადაც სულ 4 გმირია. რეალურად ფილმის გადაღება ასეთ პირობებში ძალიან ძნელია. პრაქტიკულად არაფერი არ მუშაობს. ყველა შეშინებულია. პირბადეებით მსახიობები ვერ იქნებიან და ამიტომ, მათ მოუწევთ ვირუსზე ტესტის არაერთხელ ჩატარება. პრინციპია ასეთი - ჩაკეტილი სივრცე. ლიმიტირებული ხალხი. ასეა მხოლოდ რეალური ფილმის გაკეთება. ფილმი არ არის კორონაზე, მაგრამ კორონასგან გამოწვეული მიზეზებით გვიწევს ასე ვიფიქროთ. არ მინდა პანდემიის დროს გაჩერება. კორონა რეალურად არის ის, რაც ყველას აჩერებს. ვერც გადაიღებ და ვერაფერს აკეთებ. უნდა დაწერო და ასეთი პირობით ფილმი გადაიღო. ჩემმა ახლობლებმა იციან, სულ მინდოდა გადაღება ფილმის, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში ხდება. მინდოდა სულ დროის და სივრცის ერთიანობა. კორონავირუსის დროს ბუნებრივად ხდება ასეთი ფილმის გადაღება, რადგან სხვანაირ ფილმს ვერ გადაიღებ. გადავწვიტე დავწერო 15-20 გვერდიანი სცენარი, სადაც იქნება დიალოგები, მაგრამ იქნება ძირითადად იმპროვიზაცია. მე მიყვარს იმპროვიზაცია. ჯერ არ ვიცი სახელწოდება რა იქნება. ჩემს შემთხვევაში ეს ბოლო საფეხურია“, - განაცხადა დიტო ცინცაძემ.





