ანა შეპკინა
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღადგინეს
კულტურა

ფოტო: ანა შეპკინა
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღადგინეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, კომპანია უფლისციხის მეურნეობამ განაახლა მარნის არქიტექტურული შენობა, სადაც რენოვაციის მეთოდით ფუნქციურად ამოქმედდა მარნის ინტერიერში განთავსებული ქვევრები.
მარანში ასევე აღდგა სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოჩენილი ვაზის 3 ჯიშით გაშენებული სავენახე მეურნეობა. აღდგენილი მარანი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთ თვალსაჩინო მარშრუტად იქცევა.
საგანგებოდ მოწვეული სტუმრებისთვის დღეს უფლისციხის მარანი საზეიმოდ გაიხსნა. პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების - „ქართული გემოს“ და „ქართული სამოსის“ გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე ასევე გამოფინეს „ხელოვნების სასახლეში“ დაცული ქართული ტრადიციული სამოსი. ჩატარდა ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასი, მოეწყო ადგილობრივად დაწურული ღვინოების - თეთრი ჩინებულის და წითელი თავკვერის დეგუსტაცია.





