კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კულტურა

ფოტო: კულტურის სამინისტრო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანთან და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერ გივი მოდებაძესთან ერთად გაეცნო. რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა თეატრის გენერალური მენეჯერის ნანა წერეთლისგან მოისმინა.
მინისტრი თეატრის შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს და სამომავლო გეგმებსაც გაეცნო.
„ჭიათურის თეატრი იმ ქართული თეატრების რიცხვშია, რომლებსაც საკუთარი მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვთ. მრავალი ათეული წელია ეს ადგილი წარმოადგენს ქალაქისა და მთლიანად რეგიონის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს. მასშტაბური რეაბილიტაცია, რომელსაც სახელმწიფო ატარებს და სულ მალე დასრულდება, თეატრის დასს შესაძლებლობას მისცემს, რომ შემოქმედებითი საქმიანობა გახადოს მეტად აქტიური, მრავალფეროვანი და მეტი მაყურებელი მოიზიდოს. ქართული თეატრი სისტემურ მხარდაჭერას საჭიროებს. ჩვენი მიზანია თეატრებისთვის შევქმნათ ყველა პირობა შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ჭიათურის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიზნად ისახავს ისტორიული შენობის ინფრასტრუქტურის სრულყოფას, შენობების მდგრადობის უზრუნველყოფას და თეატრალური სივრცის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება თეატრის დარბაზის ჭერზე არსებული რობერტ სტურუა უფროსის პანო, რომელიც თეატრის გამორჩეული მემკვიდრეობაა.
მინისტრთან ერთად, ჭიათურის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
ჭიათურაში თეატრალურ ცხოვრებას 1894 წლის 11 დეკემბერს ჩაეყარა საფუძველი. მონუმენტური ისტორიული შენობა, სადაც ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრი დღემდე განაგრძობს ფუნქციონირებას, 1949 წელს აშენდა. 2000-იან წლებში თეატრმა დაიწყო აქტიური თანამშრომლობა ახალგაზრდა, ნოვატორ რეჟისორებთან, რამაც, კლასიკურ დრამატურგიასთან ერთად, სცენაზე თანამედროვე პიესების დამკვიდრებას შეუწყო ხელი. XX საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა: ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალებზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა.
XXI საუკუნეში ჭიათურის თეატრმა ახალი ძალებით გააგრძელა შემოქმედებითი საქმიანობა, თეატრი შეივსო ახალგაზრდა პროფესიონალი მსახიობებით, მოწვეულ იქნა ცნობილი რეჟისორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანდრო ენუქიძე, რომელმაც განაახლა დასი და ახალი საინტერესო ნაწარმოებებით შეავსო თეატრის რეპერტუარი.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.




