პაატა იმნაძე: რეალურად ახლა ქვეყანაში დღეში კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასამდე ახალი შემთხვევაა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები, ოფიციალურ მონაცემებთან შედარრებით ორ-სამჯერ მეტია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩართვისას განაცხადა.
„ჩვენი ცენტრის გათვლებით, ახლა ქვეყანაში დღეში კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასამდე ახალი შემთხვევაა. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება. უბრალოდ, ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქი შემთხვევებია. შემდეგ არ მიდიან, რომ გაიტესტონ ან ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, მობილობის შესამცირებლად შეზღუდვების ყველა ვარიანტი განიხილება და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი.
„მთავარი ახლა ჩვენთვის არის ეს პიკი შევინარჩუნოთ. დღეში ახლა თუ გვაქვს 4 ათასი შემთხვევა, ეს იყოს რამდენიმე დღის განმავლობაში და იგი არ გახდეს 10 ათასი დღეში. ესაა ახლა მთავარი“, - დასძინა იმნაძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში სულ კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





