გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, დევნილებისთვის ბინის ნაცვლად 10 ათას ლარიან კომპენსაციებზე განაცხადების მიღება 2 ნოემბრამდე გაგრძელდება, დაახლოებით, 17 დეკემბრიდან კი დაიწყება კომპენსაციების გაცემა
ჯანდაცვა

გიორგი ცაგარეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, დევნილებისთვის ბინის ნაცვლად 10 ათას ლარიან კომპენსაციებზე განაცხადების მიღება 2 ნოემბრამდე გაგრძელდება,დაახლოებით, 17 დეკემბრიდან კი დაიწყება კომპენსაციების გაცემა.
როგორც გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ამ მიზნით მთავრობის მიერ 58მლნ ლარია გამოყოფილი. შესაბამისად, რიგითობის მიხედვით დაკმაყოფილდება განაცხადები, სანამ თანხა არ ამოიწურება.
„ჩვენ გადავწყვიტეთ საჭირო იყო, იმგვარი პროგრამის შემუშავება, მოფიქრება და დანერგვა, რომელიც გასწვდებოდა ყველას, განურჩევლად იმისა მათ აქამდე ჰქონდათ, შეძენილი საკუთრება, თუ საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული სახელმწიფოსგან რაიმე, ბინა, სოფლად სახლი ან სხვა რაიმე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, კომპენსაცია ეკუთვნის იმ დევნილ მოქალაქეს, რომელსაც ბოლო 35 წლის განმავლობაში რაიმე სარგებელი არ მიუღია.
„ორი ამოსავალი პრინციპია - შენ არ უნდა გქონდეს მიღებული სარგებელი და შენ უნდა იყო დევნილი. სხვა კრიტერიუმი ჩვენ გამოვრიცხეთ, რათა ამ პროგრამის განხორციელება სწრაფად მომხდარიყო, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები მოგვეხსნა კომპენსაციის მიღების გზაზე. ვფიქრობ, ეს შეძლო მინისტრის ბრძანებამ, რომელიც გუშინ შევიდა ძალაში და ჩვენ უკვე 19 ოქტომბრიდან, 09:00 საათიდან, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განთავსებული იუსტიციის სახლების მეშვეობით, ელექტრონული ფორმით, მივიღებთ განაცხადებს. დავიწყებთ მათ დამუშავებას და კომპენსაცია გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.





