ლევან სულაშვილი
გამგებელი სენაკში გაზის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს
ეკონომიკა

გოჩა დგებუაძე სენაკის გამგებელი
ფოტო: ლევან სულაშვილი
კომპანია "გაზკო პლიუსის" მიერ სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, სენაკის გამგებელმა განცხადება გააკეთა.
გოჩა დგებუაძის თქმით, კომპანიამ გადაწყვეტილება მოსახლეობასთან და ადგილობრივ მთავრობასთან კომუნიკაციის გარეშე მიიღო. მისი თქმით, ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის კაბალური ხელშეკრულება, რომელიც კომპანიასთან წინა ხელისუფლების დროს დაიდო.
"მოსახლეობამ ტარიფის გაზრდის ამბავი მაშინ შეიტყო, როდესაც მოხმარებული აირის გადასახადის შესახებ SMS-ით მიიღო ინფორმაცია. ჩვენც გუშინ გავიგეთ ყველაფერი, რადგან კომპანიას ჩვენთან არ ულაპარაკია. ადრეც სურდა კომპანიას ტარიფის გაზრდა, თუმცა მაშინ მოვახერხეთ ამის შეჩერება. ახლა კი "გასკო პლიუსიდან" გვითხრეს, რომ მათი გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნით ადრე რომელიღაც გაზეთში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც რალურად მოსახლეობამდე არ მისულა. ამ საკითხზე მინისტრმაც ილაპარაკა, ჩვენ მუნიციპალიტეტის მაჟორიტართან ერთად, უკვე დავიწყეთ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა. ყველა სამართლებრივ მეთოდს გამოვიყენებთ, რაც კი შესაძლებელი იქნება," - განაცხადა სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ.
კომპანია "გაზკო +"-ის დისტრიბუციის სამსახურის უფროსი დიმიტრი პაჭკორია ტარიფის გაზრდას დაკავშირებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მომწოდებელი კომპანიის მიერ 2016 წლის დეკემბერში შეთავაზებული გაზრდილი ტარიფის საფუძველზე მიიღეს, მიზეზებს შორის პაჭკორია ლარის კურსის ცვლილებასაც ასახელებს, თუმცა მიმწოდებელი კომპანიის ვინაობას არ ასაჯაროვებს.
"გაძვირება კომპანიის ვალდებულებებმა გამოიწვია, თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და წესით, ტარიფებმა უნდა დაიწიოს. რაც შეეხება დერეგულირების გაუქმების საკითხს, ვფიქრობ, სემეკი, მთავრობა და კომპანიები ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომ მოსახლეობას არ დააწვეს ზედმეტი გადასახადი", - განაცხადა პაჭკორიამ.
სენაკში გაზის ტარიფის გაზრდაზე განცხადება გაავრცელა ენერგეტიკის სამინისტრომაც. სამინისტრო წერს, რომ იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც კომპანია "გასკო პლიუსმა", სენაკის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირის ტარიფის 68 თეთრამდე გაზრდის თაობაზე მიიღო.





