როგორ გავიგოთ როდის უწევს ჩვენს მანქანას ტექნიკური ინსპექტირება
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
14 იანვრიდან "ჭკვიანი კამერები" ავტომატურ რეჟიმში დააჯარიმებს იმ ავტომობილებს, რომლებსაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვს. პირველ ჯერზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიულისთვის კი 200 ლარი.
მძღოლებმა, იმის გასარკვევად, თუ როდის უწევთ მათ ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება, ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ ვებგვერდზე http://pti.ge/
მოცემულ საიტზე მანქანის შესახებ შესაბამისი მონაცემების ჩაწერის შემთხვევაში, მფლობელი გაიგებს, როდის უწევს მის მანქანას სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გავლა.
დაჯარიმებული მძღოლები ჯარიმის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ.
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე.





