თელავში ართანა ჰესის მშენებლობის საკითხის საჯარო განხილვა იგეგმება
ეკონომიკა

6 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში "ართანა ჰესის" მშენებლობის საკითხის საჯარო განხილვა იგეგმება. პროექტთან დაკავშირებით უკვე შემუშავებულია ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის წინასწარი ვერსია. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი "კახეთის ხმა" ავრცელებს.
საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სოფელ ართანის მოსახლეობამ მდინარე დიდხევზე ჰიდროელექტროსადურის მშენებელობის დაწყება გააპროტესტა და საქართველოს პრემიერმინისტრს პეტიციით მიმართა. მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობასა და წყლის ხარისხზე.
"ართანა საფერავის ერთ-ერთ საუკეთესო ზონად მიიჩნევა, რასაც აქაური მიკროკლიმატი განაპირობებს. დღეისათვის ართანაში დაახლოებით 30 ჰექტარი მიწა აგროქიმიკატების გარეშე მუშავდება. მომავალში შესაძლებელია, ართანა ეკოლოგიურად სუფთა ზონად ჩამოყალიბდეს, რაც, თავისთავად, ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. მივიჩნევთ, რომ სოფლის ძირითადი პრიორიტეტი ნატურალური მეურნეობა და ეკოტურიზმი უნდა იყოს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის არა დროებით, არამედ მუდმივ სამუშაო ადგილებს შექმნის", - ნათქვამია პეტიციაში.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სოფელ ართანის მოსახლეობის მოთხოვნას გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა, განიხილოს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით.
"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, მიიღოს და განიხილოს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარდგენილი შენიშვნები და წინადადებები. საჯარო განხილვის ეტაპი არ არის გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ეტაპი, ვინაიდან პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების ეტაპზე", - განმარტავენ სამინისტროში.





