ირმა ებრალიძე
კეპულაძე: ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა
ეკონომიკა

გიორგი კეპულაძე
„ლარის კურსის გამყარებაზე გავლენა იმპორტის შემცირებამაც იქონია. მაშინ როცა ექსპორტი არ იზრდება, ხელოვნური ბარიერებით იმპორტის შემცირება ხდება“, - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ „რადიო იმედის“ გადაცემა "ეკონომიქსში" განაცხადა. მისი თქმით, საწვავზე და ავტომობილებზე აქციზის გაზრდამ იმპორტის შემცირება გამოიწვია. გარდა ამისა, ლარის გამყარებას ტურისტების რაოდენობის მატება, იანვარში გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და სავალუტო ფონდის მიერ დაანონსებული სამწლიანი პროგრამაც განაპირობებს.
გიორგი კეპულაძე არ გამორიცხავს, რომ ლარიზაციის პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობაც გაიზარდოს, რადგან მისი თქმით, ლარის გამყარების ფონზე უფრო მეტი ადამიანი მოინდომებს სესხების დაბალი კურსით გალარებას. კითხვაზე, ჩაერევა თუ არა ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებში, კეპულაძე ვარაუდობს, რომ ლარიზაციის პროგრამის დასრულებამდე (15 მარტი) ქვეყნის მთავარი ინსტიტუტი თავს შეიკავებს და სავალუტო რეზერვების შესავსებად დოლარს არ იყიდის.
ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება. ბოლო 10-12 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ დაახლოებით 16 თეთრით გამყარდა. სავალუტო ჯიხურში 1 აშშ დოლარი 2.47 ლარად იყიდება, შესყიდვის ფასი კი 2,40 ლარია.





