შალვა პაპუაშვილი: იყო ბევრი მცდელობა ბრიუსელის მხრიდან, რომ საქართველო ჩაეთრიათ ესკალაციაში საკუთარი მიზნებისთვის და მზად იყო დაეზიანებინა ქართველი ხალხი იმისთვის, რომ რაღაც ერთი ჩქმეტა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ
ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კორექტირება უკეთესობისკენ, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მხრიდან, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ჩვენ არ ვუჯერებთ ბრიუსელს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მსოფლიო ბანკის პროგნოზზე საუბრისას.
მისივე თქმით, იყო ბევრი მცდელობა ბრიუსელის მხრიდან, რომ საქართველო ჩაეთრიათ ესკალაციაში საკუთარი მიზნებისთვის და მზად იყო დაეზიანებინა ქართველი ხალხი იმისთვის, რომ „რაღაც ერთი ჩქმეტა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ“.
„როდესაც თავად შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ რუსეთს ეკონომიკური თუ სხვა გადაწყვეტილებებით, წავიდნენ და იომონ ამ ომში. ნაცვლად ამისა, საქართველოთი და სხვებით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ. როგორც მოლდოვას აზიანებენ, ასე გვაზიანებდნენ ჩვენც. მოლდოვას ეკონომიკური ზრდის ტემპები ნულის გარშემო ტრიალებს, ასევე დავზიანდებოდით ჩვენც და უფრო უარესად. ჩვენ საერთო საზღვარი გვაქვს რუსეთთან მოლდოვისგან განსხვავებით და ჩვენ სხვა გამოწვევებიც გვექნებოდა.
არ დავუჯერეთ ბრიუსელს და ქართველმა ხალხმა მოიგო, ჩვენი ეკონომიკა იზრდება. დავუჯერებდით ბრიუსელს, ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა დაღმასვლაში. ეს არის მთავარი გაკვეთილი, რაც ჩვენ გამოვიტანეთ მთელი ამ პერიპეტიიდან, რომ არ დაუჯერო ბრიუსელს, ვინაიდან ბრიუსელი ცდილობს საკუთარი ინტერესები გაიტანოს, შენი ინტერესების ხარჯზე. ჩვენი ეკონომიკისა და უსაფრთხოების ხარჯზე უნდათ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჰქონდეთ. ყველა ეს ციფრი ეკონომიკური ზრდისა, მეტყველებს მთავარ პრინციპულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ არ დაუჯერო ბრიუსელს და მეორე, იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბრიუსელის არ დაჯერების ფონზე აღწევს ამ ეკონომიკურ შედეგებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე.




