ჩინეთი ბიტკოინის მაინინგს აკრძალავს
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყანაში ბიტკოინის გამომუშავება აკრძალოს. ამას ორი მიზეზი აქვს, პირველი მაინინგისთვის საჭირო ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით რესურსის ხარჯვა, მეორე კი ვირტუალურ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სპეკულაციებია. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაინინგისთვის საჭირო სიმძლავრეების 80% ჩინეთშია განლაგებული, მათმა დახურვამ კი ბიტკოინის ბაზარზე დიდი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს.
იანვრის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელებულ დოკუმენტში, რომელიც ჩინელმა მარეგულირებლემა შეიმუშავეს, არ წერია ზუსტი თარიღი, თუ როდიდან დაიწყება ბიტკოინის მაინინგზე შეზღუდვები.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა სრულად აიკრძალა.
ბიტკოინის რამდენიმე ქვეყანაში დააკანონეს, თუმცა ევროკავშირი კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე გარკვეული რეგულაციების დაწესების მომხრეა.
ჯერ კიდევ 17 დეკემბერს ბიტკოინის ფასი ისტორიული მაქსიმუმის ფარგლებში იყო - ერთი ბიტკოინი 20 ათასი დოლარი ღირდა. მას შემდეგ ის 13 ათას დოლარზე ქვემოთ დაეცა, შემდეგ კი ოდნავ მოიმატა.





