საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარესა და დირექტორს, ჯეიმს ლინს შეხვდა
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარესა და დირექტორს, ჯეიმს ლინს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ახალი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებაზე. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა FTZCOC Group-ის საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის გამოყენებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ჩინეთისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობებზე. ამასთან, განიხილეს ქართველი მწარმოებლებისთვის კომპანიის საგამოფენო და სავაჭრო სერვისების გამოყენების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზრებზე წარდგენასა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების ათვისების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ჩინეთის ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
FTZCOC Group საერთაშორისო სავაჭრო და სადისტრიბუციო მომსახურების კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ოფიციალური მონაცემებით, კომპანიას 90 ქვეყანაში 130 საერთაშორისო საწყობი, ხუთი საგამოფენო-სავაჭრო ცენტრი და აშშ-ში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონული წარმომადგენლობები აქვს.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.





