ეროვნული ბანკი „The Hill“ - ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: ქართული საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს ირანის მიმართ დაწესებულ აშშ-ის და სხვა საერთაშორისო სანქციათა რეჟიმებს
ეკონომიკა

ფოტო: ეროვნული ბანკი
საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება და ჩვენი ქვეყნის საფრთხის ქვეშ დაყენება - ეს არის მიზანი იმ სტატიის, რომელიც ფაქტობრივ ტყუილებს და ცრუ ბრალდებებს ეფუძნება.
სტატიის ავტორი, მკვლევარი ქეთი ქორქია ანალიზის დროს ეყრდნობა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“, რომლის თავმჯდომარეც თინა ხიდაშელია.
სტატია სათაურით - „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ - „The Hill“-ში გამოქვეყნდა.
სტატიას ეკა გიგაური აზიარებს. სტატიის ავტორი ვაშინგტონისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს საკითხზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.
სტატიას ეხმაურებიან „ეროვნულ ბანკში“. როგორც ეროვნულ ბანკში „ქრონიკის“ პასუხად განაცხადეს, სებ-მა, რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, კომერციული ბანკებისთვის შეიმუშავა შესაბამისი ჩარჩო, რომელთან შესაბამისობასაც პერიოდულად ამოწმებს ადგილზე ინსპექტირების გზით.
„ქართული საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს ირანის მიმართ დაწესებულ აშშ-ის და სხვა საერთაშორისო სანქციათა რეჟიმებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, კომერციული ბანკებისთვის შეიმუშავა შესაბამისი ჩარჩო, რომელთან შესაბამისობასაც სებ-ი პერიოდულად ამოწმებს ადგილზე ინსპექტირების გზით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, შემოწმებების პროცესში არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა.
რაც შეეხება „ინვესტბანკს“, ის არ წარმოადგენს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს. შესაბამისად, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი ვერანაირად ვერ გახდება ფინანსური ტრანზაქციების გამტარი“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
შეგახსენებთ, სს „კაპიტალ ბანკს“, იგივე სს „ინვესტბანკს“ 2016 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა.





