Aqualia-ს რეგიონული დირექტორი: ჩვენი აზრით საქართველოს მარეგულირებელი სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კანონმდებლობა, რეგულაციები ხელშემწყობია გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის და არა უბრალოდ ერთჯერადი ინვესტიციისთვის
ეკონომიკა

ხოსე ენრიკე ბოფილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, გადაცემაში „იმედი LIVE“ იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში მოქმედებს და რომელიც ინვესტორისთვის ინვესტირების თვალსაზრისით საინტერესო და მიმზიდველია.
მისი თქმით, „Aqualia“ არ არის კომპანია, რომელიც ერთჯერად ინვესტიციას ახორციელებს.
როგორც ხოსე ენრიკე ბოფილიმ აღნიშნა, კანონმდებლობა, რეგულაციები საქართველოში ხელშემწყობია გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
„ჩვენი აზრით, საქართველოს მარეგულირებელი სისტემა მცხეთის, თბილისისა და რუსთავის შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ ინვესტირების გადაწყვეტილების პროცესში 2021-22 წლებში შევისწავლეთ და დავადგინეთ. უდიდესი ხელშემწყობია ინვესტიციის განხორციელებისათვის წყლის ინფრასტრუქტურისათვის. თუმცა „Aqualia“ არ არის უბრალოდ ინვესტორი, რომელიც უბრალოდ ინვესტიციას ახორციელებს და უბრალოდ ამონაგებს ელოდება. ჩვენ ვართ ოპერატორი, ასევე, ტექნოლოგიის უზრუნველმყოფი კომპანია გახლავართ და ვმუშაობთ ქალაქებში, ქვეყნებში და ვართ ინტეგრირებული, არ ვართ განყენებული ინვესტორი. საზოგადოების ნაწილი ვხდებით, ვინაიდან გრძელვადიან ჭრილში და პრინციპით ვმუშაობთ განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. შესაბამისად, კანონმდებლობა, რეგულაციები ხელშემწყობია გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის და არა უბრალოდ ერთჯერადი ინვესტიციისთვის“, - განაცხადა ხოსე ენრიკე ბოფილიმ.
გამართულ რეგულაციებზე ისაუბრა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამაც. მისი თქმით, რეგულაციების დახვეწა მოხდა განსაკუთრებით ბოლო წლებში.
„ჩვენ გვაქვს ინვესტიციების შეფასების ძალიან კონკრეტული წესი. ჩვენ გვაქვს ტარიფების გაანგარიშების კონკრეტული მეთოდოლოგია, რომელიც დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე და კონკრეტული ფორმულებით იანგარიშება წყალმომარაგების ტარიფები. ჩვენ გვაქვს სასმელი წყლის მოხმარება-მიწოდების წესები. ჩვენ გაქვს კომპანიის ფინანსების ჩატარების აუდიტის წესი, ე.წ. მარეგულირებელი აუდიტის წესი და კიდევ რამდენიმე ჩვენ მიერ დამტკიცებული წესი, რომელიც ხშირად არ იცვლება. არის ჩამოყალიბებული ჩარჩო და ამ ყველაფერზე დაყრდნობით ინვესტორმაც იცის, რომ სწორი და გამჭვირვალე თამაშის წესები აქვს მარეგულირებელ კომისიას. სწორედ ამიტომ მიიღეს მათ გადაწყვეტილება და განახორციელეს ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





