თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რკინიგზა იყოს ბევრად უფრო ეფექტიანი და მდგრადი, რათა შუა დერეფანში ჩვენი როლი იყოს უალტერნატივო
ეკონომიკა

თამარ იოსელიანი
ფოტო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში ყველაზე დიდი ოდენობით ინვესტიცია ჩაიდო და ეს არის 1მლრდ ლარის ოდენობით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით.
მან საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციასთან გვაქვს საქმე - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში ყველაზე დიდი ოდენობით ინვესტიცია ჩაიდო და ეს არის 1მლრდ ლარის ოდენობით. შესაბამისად, დასრულდა მოდერნიზაციის პროექტი და ექსპლუატაციაში გაეშვა ახალი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ჯამში, 100კმ-მდე სარკინიგზო ლიანდაგს მოიცავს. ამასთან, აშენდა 100 ობიექტი. კერძოდ, აშენდა 6 გვირაბი, 10 ხიდი, 3 სადგური და ხაზგასასმელია ერთ-ერთი გვირაბი, რომელიც მისი მასშტაბიდან გამომდინარე, რეგიონში ერთ-ერთი უპრეცედენტოდ დიდია - 8300 მეტრი სიგრძის გვირაბია“, - აღნიშნა იოსელიანმა.
მისივე თქმით, შედეგად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ ეტაპზე.
„საქართველოს რკინიგზა არის სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რომ საქართველოს რკინიგზა იყოს ბევრად უფრო ეფექტიანი და შესაბამისად, მდგრადი, რათა შუა დერეფანში ჩვენი როლი იყოს კონკურენტუნარიანი და უალტერნატივო“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.





