ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ჯანსაღი - შეფასებაში ასევე აღნიშნულია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის
ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიტიური შეფასება მისასალმებელია და ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა, ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი არის ჯანსაღი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ სავალუტო ფონდის მისიის დადებით შეფასებასა და პროგნოზზე საუბრისას.
მან ფონდის შეფასებაში განხილულ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება.
„კერძოდ, 2025 წელს ფონდი ელოდება, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა იქნება 7.3%, რაც კიდევ ერთი გაზრდილი ზრდის მაჩვენებელია უკვე 2025 წელს იმ ზრდებთან ერთად, რომლებიც უკვე მანამდე განახორციელა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
ფონდის შეფასებაში ასევე აღნიშნულია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და გარდა ამისა, ის უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნას.
ასევე ფონდი ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო რეზერვების დონე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ეს შეფასება, რომელიც ძალიან პოზიტიურია საქართველოსთან, საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სიგნალია სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის - რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი ტრაექტორიით ვითარდება, არის ჯანსაღი, საქართველოს ეკონომიკაში რისკები დაბალანსებულია და საქართველო მზად არის, მიიღოს ინვესტიციები როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისგან. ასევე, რომ ის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რომლებიც დღეს ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, მომდევნო წლებშიც შენარჩუნებული იქნება”, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
მისიის დასასრულს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ შემაჯამებელი შეფასება გამოაქვეყნა.





