ინგა ფხალაძე: „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია - პროექტი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ენერგეტიკულ ჰაბად გადაიქცეს, რომელიც აზიას ევროპასთან დააკავშირებს
ეკონომიკა

ინგა ფხალაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალის მნიშვნელობაზე „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ინდა ფხალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი აბსოლუტურად უნიკალური ინიციატივაა.
„საქართველოში მე-11 მინისტერიალი ჩატარდა, რომელიც „მწვანე ენერგიის დერეფანს“ ემსახურება. ეს არის პროექტი, რომელიც 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა 4 ქვეყნის მთავრობებს შორის. ეს გახლდათ: საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოსა და რუმინეთის პორტები დააკავშირებს აზიასა და ევროპას ერთმანეთთან, სადაც შესაძლებელი გახდება 4 ათასი მეგავატის სიმძლავრის ელექტროკაბელების ზღვის ფსკერზე განლაგება და შესაბამისად, აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთისკენ ელექტროენერგიის გადატანა.
ამ პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია, რადგან გარდა ელექტროენერგიისა, კიდევ მოიაზრება წყალბადის მილის ჩადებაც, რომელიც ჯერჯერობით განხილვის პროცესშია. თვითონ ეს პროექტი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს ემსახურება.
ეს პროექტი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, რომ ენერგეტიკულ ჰაბად გადაიქცეს, რომელიც აზიას დააკავშირებს ევროპასთან“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალზე აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლებთან ერთად წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტების სამომავლო კოორდინაციის საკითხები განიხილეს.





