ირაკლი კვერღელიძე: ვერც კი წარმომედგინა, შეეძლო თუ არა ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, 6,6 მლრდ-იანი ინვესტიციის მოზიდვაზე კომპანიის დათანხმება. თუმცა, თუ გავაანალიზებთ, არ არის გასაკვირი, ყველა ინვესტიცია ეძებს სტაბილურ გარემოს
ეკონომიკა

ირაკლი კვერღელიძე
IMEDI/ვიდეოკადრი
თითოეული ცენტი, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოვიდეს გასაფრთხილებელია - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას.
ბიზნესმენის განცხადებით, უპრეცედენტო ინვესტიციის სტარტი უკვე დაწყებულია.
„მას შემდეგ, რაც პრემიერის კომენტარი მოვისმინე, არ მრჩება არგუმენტი, რაც შეიძლება დავამატო ამ ყველაფერს. ძალიან რთულია, რომ თეთრზე ამტკიცო, რომ თეთრია. მე ვხედავ დღევანდელ რეალობაში სიტუაციას, როდესაც თეთრზე უნდა ვამტკიცოთ რომ თეთრია.
ჩემი გადმოსახედიდან, როდესაც ქვეყანას 6,6 მლრდ-იან ინვესტიციაზე აქვს საუბარი და ეს არის ინვესტიცია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყნიდან მოდის, მოდის მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი კომპანიის მხრიდან, ჩემთვის გაუგებარია რა უნდა ვამტკიცოთ, რა პლუს-მინისები უნდა ავწონოთ.
6,6 მლრდ ეს არის თანხა, რომელიც 50%-ით მეტია ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე. მე არ დავიწყებ თვლას და მათემატიკას რას ნიშნავს ეს დოვლათი. რამდენიმე მილიონი უკვე მხოლოდ ოფისის შექმნაში დაიხარჯა, რომელსაც მოსდევს პროექტირება, მოსდევს სამუშაო ჯგუფის შექმნა. საინვესტიციო პროცესი უკვე დაწყებულია. თითოეული ცენტი, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოვიდეს, გასაფრთხილებელია.
ვერც კი წარმომედგინა, შეეძლო თუ არა ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა 6,6 მლრდ-იანი ინვესტიციის მოზიდვაზე კომპანიის დათანხმება. თუმცა, თუ გავაანალიზებთ, ეს არ არის გასაკვირი, რადგან ყველა ინვესტიცია ეძებს მშვიდ და სტაბილურ გარემოს“, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.





