ეროვნული ბანკი ვალუტის კურსის შესახებ განმარტებას აკეთებს
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა სავალუტო ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს.
მისი განცხადებით, სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენები, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ასევე გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, ლარის გაცვლით კურსზეც აისახა, რის გამოც ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ლარის კურსმა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რამდენჯერმე მკაფიო ცვლილება განიცადა.
"პირველადი გათვლებით, სხვა თანაბარ პირობებში, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები ჯამში პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენებს შეარბილებს. დღევანდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 11 ივლისს 1 დოლარის ღირებულება 2.8542 ლარი, ხოლო 1 ევროს ღირებულება 3.2027 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსით კი 1 დოლარი 2.9096 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.1778 ლარი.
ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.
როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.





