Boeing 737 MAX-ი შესაძლოა ავიაბაზარზე აგვისტომდე დაბრუნდეს
ეკონომიკა

Boeing 737 MAX -ი
ფოტო:shutterstock.com
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განცხადებით, Boeing 737 MAX-ი ავიაბაზრზე სავარაუდოდ აგვისტოში დაბრუნდება, - წერს Reuters-ი.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ Boeing 737 MAX-ი ექსპლუატაციაში დაახლოებით 10-12 კვირის შემდეგ ჩაეშვება“, - განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჟუნიაკმა სეულში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, IATA გეგმავს ავიაკომპანიების სამიტის ორგანიზებას, მარეგულირებლებთან და Boeing-თან ერთად, რათა განიხილოს ის წინაპირობები, რაც 737 MAX-ის ექსპლუატაციაში დაბრუნებისთვის არის საჭირო.
გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიამ მძიმე 6 თვე გაიარა. გაეზარდა ხარჯები საწვავზე, სამუშაო ძალასა და ინფრასტრუქტურაზე. ასევე პრაქტიკულად გაუქმდა ყველა შეკვეთა Boeing 737 MAX-ზე.
თვითმფრინავების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Boeing-ს 2019 წლის აპრილში შეკვეთა არ მიუღია.
CNN-ის ცნობით, კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა, ეთიოპიაში Boeing 737 Max-ის ავიაკატასტროფის შემდეგ წარმოების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.
ორი ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing-მა რეპუტაცია დაკარგა და $1 მილიარდით იზარალა - წერს Business Insider-ი.
კომპანია Boeing-მა აღიარა, რომ ინდონეზიაში 737 Max-ის თვითმფრინავის კატასტროფამდე ჯერ კიდევ 1 წლით ადრე იცოდა, რომ მისი მუშაობის სისტემაში პრობლემები იყო. ამის შესახებ BBC -იმ 2019 წლის 6 მაისს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
ეთიოპიაში Boeing 737 Max 8 10 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.
ამ ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 Max-ის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აკრძალა აშშ-მა, ჩინეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა.
Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.





