Facebook: ჰაკერებმა 29 მილიონი ექაუნთიდან პირადი ინფორმაცია მოიპარეს
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
დღეს Facebook-მა დაადასტურა, რომ ჰაკერებმა გასულ თვეში 29 მილიონი მომხმარებლის ექაუნთიდან ტელეფონის ნომრები და ელ-ფოსტის მისამართები მოიპარეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აქედან დაახლოებით 14 მილიონ ანგარიშს ამ ინფორმაციასთან ერთად გვერდზე სხვა სენსიტიური დეტალებიც ჰქონდა მითითებული.
„ჩვენ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ვთანამშრომლობთ. უწყება მომხდარს იძიებს. განიხილება სავარაუდო ეჭვმიტანილებიც“, - განაცხადეს Facebook-ში.
სოცქსელმა სპეციალური ვებგვერდიც გამოაქვეყნა, სადაც მომხმარებელს ინდივიდუალურად შეუძლია შეამოწმოს გატეხეს თუ არა მისი ანგარიში ჰაკერებმა.
25 სექტემბერს ჰაკერებმა Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში გატეხეს. ინფორმაცია მედიისთვის 28 სექტემბერს გახდა ცნობილი.
Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.





