Tesla-მ დროებით Model 3-ის წარმოება შეწყვიტა
ტექნოლოგიები

ფოტო: Twitter
კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ დროებით ელექტრომობილ Model 3-ის წარმოებას წყვეტს, რათა "გააუმჯობესოს ავტომატიკის მუშაობის სქემა". ამის შესახებ ინფორმაციას Buzzfeed-ი ავრცელებს.
კომპანია მუშაობის შეჩერებას 4-5 დღით აპირებს. დრო ტექნოლოგიურ გადაიარაღებას, სისტემურ გაუმჯობესებასა და მთელი რიგი მცირე პრობლემების აღმოფხვრას მოხმარდება.
აპრილში კომპანია Tesla-ს ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული მოდელის Model 3-ის გამოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
2017 წლის ივლისში 35 ათასი დოლარის ღირებულების მანქანების პრეზენტაციის შემდეგ, ახალი ტექნოლოგია წინასწარ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გამოიწერა. კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი ასეთ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და თქვა, რომ 2017 წლის ბოლოს, ყოველ კვირას ხუთი ათასამდე Model 3-ს გამოუშვებდა. ამჟამად 2018 წელს კომპანია კვირაში ათასს ავტომობილს ამზადებს.
Tesla-ს ხელი აკუმულატორების მიმწოდებელმა შეუშალა, ყოველ შემთხვევაში ილონ მასკი სიტუაციას ასე აღწერდა. ის ამბობდა, რომ ელექტრომობილის პროგრამული უზრუნველყოფის ფაქტობრივად თავიდან ჩაწერა მოუხდათ. Gigafactory, რომელიც Tesla-სთვის აკუმულატორებს ამზადებს, წარმოებისთვის მზად ვერ აღმოჩნდა.
23 მარტს ავტოპილოტის რეჟიმში მყოფი მანქანა დიდი სიჩქარით ბეტონის ბარიერს შეეჯახა. მძღოლი დაიღუპა. Tesla-ში განაცხადეს, რომ მონაცემების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ სისტემამ რამდენჯერმე გააფრთხილა მძღოლი, რომ მას საჭე უნდა დაეკავებინა და სიტუაცია ემართა. რატომ "გადაწყვიტა" ავტოპილოტმა მოულოდნელად მოხვევა, უცნობია. ინციდენტის შემდეგ კომპანიის აქციები 17%-ით დაეცა.





